სურსათის ეროვნული სააგენტო სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

2017 წლის 7 ივლისი | 22:45

სურსათის ეროვნული    სააგენტო ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების  შემცველობაზე  მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ლაბორატორიული კვლევის მიზნით,  ნიმუშების აღება მიმდინარეობს   როგორც მსხვილი, ასევე  მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან.

მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის  სუნელ-სანელებლის  75  ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან  უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა  – დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ  ტყვიის შემცველობა – გამოვლინდა 4  ნიმუშში. მოქმედი კანონმდებლობით ტყვიის შემცველობა სანელებლებში   5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული  კვლევით ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ; სუნელი-5,60მგ/კგ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით,    სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს.

2015 წლის 9 სექტემბერს,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ   ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან  მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის  შეტყობინება  საქართველოდან გაგზავნილ  სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სანელებლების  ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

წყარო: სეს.