XVIII-XX საუკუნის ქართული სამოსის და იარაღის გამოფენა [Video]

2017 წლის 19 მაისი | 11:10

მუზეუმის საერთაშორისო დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გამოფენების კვირეულით აღნიშნავს. მუზეუმმა დღეს გამოფენას სახელწოდებით “XVIII-XX საუკუნის ქართული კოსტიუმი და იარაღი” უმასპინძლა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ქალისა და მამაკაცის ძველი სამოსები, რომლებიც ტრადიციული ქართული სამოსის მრავალფეროვნებას წარმოაჩენდა. წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ჩაცმულობა.

თეიმურაზ II–ის სამეფო კაბა, ნინო გურიელის ქართული კაბა, თეკლა ბატონიშვილის საკერავი მანქანა – ეს იმ ექსპონანტთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა დათვალიერებაც სტუმრებს შეეძლოთ.

ასევე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით დამზადებული იარაღ-საჭურველი დაეთვალიერებინათ და მის ისტორიასა და ნაირსახეობას გაცნობოდნენ. გამოფენილი იყო სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღი: ხმლები, ხანჯლები, ლახტები, გურზები, ჯაჭვის პერანგები, თოფები, კაჟიანი და ფისტონიანი დამბაჩები. კოლტის, ლეფოშეს, გასერის, სმიტ-ვესონისა და ნაგანის სისტემის რევოლვერები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა და აქტიურად გამოიყენებოდა XIX საუკუნის საქართველოში.

დარბაზში ასევე წარმოდგენილი იყო სამკაულები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები, ავეჯი, მუსიკალური საკრავები, საოჯახო ჭურჭელი და სხვა.