წინასწარი მონაცემებით, 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა {VIDEO}

2016 წლის 31 ოქტომბერი | 12:19

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

გამონაკლისია ორი ოლქი: ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი, სადაც „თოფაძე – მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს და თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქი, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის – 18 და რეგიონების 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

“მეორე ტურის არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

მან მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია 30 ოქტომბერს გამართული ახალციხის მერის და გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის და ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ.

ცესკოს მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი.

სინქრონი:

თამარ ჟვანია – ცესკოს თავმჯდომარე.