თამარ მეფის ქამარი – ეროვნული არქივი არქივში დაცულ ესკიზსს აქვეყნებს

2017 წლის 15 მაისი | 13:53

ეროვნული არქივი პირველად აქვეყნებს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – ქამრის ესკიზს, რომელშიც, ესკიზთან ერთად, წარმოდგენილია ინფორმაცია თამარ მეფის ქამრის არსებობის შესახებ.

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ეროვნულმა არქივმა საგანგებო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც მოძიებულ იქნა ესკიზით დამზადებული ქამრის ბალთა და დადგინდა „თამარ მეფის ქამართან“ დაკავშირებული გარკვეული დეტალები.

კერძოდ: ესკიზზე არსებული წარწერის მიხედვით, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს სვანეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა განძი, რომელშიც იყო „თამარ მეფის ქამარი“; შუაში ბაგრატოვანთა სამეფო გვირგვინის გამოსახულებით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მასიური მოოქრული ვერცხლისგან დამზადებული.

1896 წლის 12 აგვისტოს ქამრის აღწერა გააკეთა ციცინო დადიანმა და „თამარის ქამრის“ საფუძველზე შეადგინა ახალი, საკუთარი ქამრის ესკი, ეს ის  ესკიზია რომელიც დღეს ეროვნულ არქივშია დაცული, რომლის მიხედვით დამზადებული ქამრის ბალთა მას 1933 წლამდე ჰქონდა, ხოლო შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა, სადაც დღემდე ინახება. ქამრის ორიგინალის ბედი კი აქამდე გაურკვეველია.

ამ კვლევის შედეგები ეროვნულმა არქივმა  თამარ მეფის  ხსენების დღესთან დაკავშირებით გაასაჯაროვა.