“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” კონსტიტუციის 94-ე მუხლის შენარჩუნებას ითხოვს [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 20:39

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში, კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაძლო გაუქმებას, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.                                   გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ გადასახადების შემოღება ან გადასახადების განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზითა უნდა იყოს დასაშვები.

ბიზნესმენთა გაერთიანების წევრები ფიქრობენ, რომ  94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია, სწორედ ეს მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელ  ბიზნესგარემოს, ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მათ უფლებებთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 94-ე მუხლის ქვეყნის მთავარი კანონიდან ამოღების თუ  მისი არსებული ფორმით ძალაში დატოვების მსურველთა არგუმენტები საკმაოდ წონადია. მისი თქმით საკონსტიტუციო  ცვლილება, როგორიც არ უნდა იყოს იგი,  ქვეყნის საინვესტიციო გარემოს საფრთხეს არ შეუქმნის.

კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე რამდენჯერმე დააყენეს. ჩანაწერის გაუქმებას ემხრობა რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობიდან.

სინქრონები:

  1. ირაკლი ასლანიშვილი-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  2. ალექსანდრე რატიშვილი-საქართველოს გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.