სირცხვილია! – აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია [Video]

2017 წლის 31 მაისი | 13:21

“სირცხვილია! დაიცავი სიტყვის თავისუფლება” – ლოზუნგები ბანერებზე და თავზე გადაცმული პარკები – მთავრობის კანცელარიის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, პროტესტის ამ ფორმით მათ მუხთარლის გატაცების სცენა გაიმეორეს, რადგან მათი ინფორმაციით, ჟურნალისტს საქართველოს საზღვარი ზუსტად ასე, თავზე პარკგადაცმულს დაატოვებინეს.

აქციაზე იმყოფებოდა აფგან მუხთარლის მეუღლეც, რომელსაც თან აფგან მუხთარლის  პასპორტი ჰქონდა თან. ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია როგორ დატოვა მისმა მეუღლემ ქვეყანა პასპორტის გარეშე და საქართველოს ხელისუფლებას არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გაიმართა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 30 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად ამტკიცებს, მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუხთარლი საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. ასევე, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის მთავრობამ ბრალდება ორი მუხლით წაუყენა: საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დიდი ოდენობთ უცხოური ვალუტის კონტრაბანდა. მისი სასამართლო პროცესი ბაქოში დღესაა დაგეგმილი.

მიმდინარე პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურნენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო და პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. თუმცა აქვთ თუ არა, ქართველ სამარტალდამცველებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან კომუნიკაცია, იგივე კითხვაზე გუშინ შსს-მ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას განუცხადა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, რადგანაც პირი საქართველოს  ტერიტორიაზე გუჩინარდა.

სინქრონები:

  1. ლეილა მუსტაფაევა  – აფგან მუხთარლის მეუღლე;
  2. ნათია კუპრაშვილი – “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;
  3. თაზო კუპრეიშვილი – on.ge-ს რედაქტორი;
  4. გიორგი კლდიაშვილი – “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.