საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა [Video]

2017 წლის 1 მაისი | 19:03

პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100-ათასამდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. მთლიანობაში კი უფასო წამლებით  150 ათასიდან 200 ათასი ადამიანი ისარგებლებს.    კერძო დაზღვევის მქონე პირებს, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

ცვლილებების მიუხედავად, მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება. ასევე, უცვლელია  ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამებით სარგებლობა, მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და დიაბეტის მართვა.

სინქრონი:

  1. დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  2. ლაშა ნიკოლაძე – საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი.