სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოების საკითხზე სპეციალურ კამპანიას იწყებს [Video]

2017 წლის 25 მაისი | 17:35

ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფომ ეფექტური მექანიზმი შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ვერ შექმნა და ხდება კონკრეტული რეკომენდაციების უგულვებელყოფა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას რეალური შრომის ინსპექცია, შესაძლებელი უნდა იყოს ყველა საწარმოში ნებართვის გარეშე ინსპექტირება და ამოქმედდეს სანქციების სისტემა.

“სახალხო დამცველის აპარატი უფრო მეტად გააქტიურდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების საკითხებზე. ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ კამპანიას და დღეიდან ვიქნებით ძალიან ბევრ ადგილას, ყველგან სადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ. სახელმწიფომ უნდა შექმნას კონკრეტული მექანიზმი იმისთვის, რომ უმაღლესი ღირებულება, ადამიანის სიცოცხლე, იყოს დაცული.” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

კონფერენციაზე საქართველოში შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანა უნდა მივიდეს ისეთ სტანდარტამდე, სადაც ერთი მხრივ, დაცული იქნება შრომის უფლებები, მეორე მხრივ, არ დაზარალდება დამსაქმებლის ინტერესი.  პრეზიდენტის განმარტებით, ამ მხრივ ბალანსის დაცვა საკუთარ თავზე გარკვეულწილად შრომის ინსპექციამ უნდა იტვირთოს.

სინქრონები:

  1. უჩა ნანუაშვილი – სახალხო დამცველი;
  2. გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი.