ქართული ქაფშიის ევროპული მომავალი {VIDEO}

2016 წლის 20 დეკემბერი | 11:59

2017 წლიდან  ქართულ ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება. საკითხზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში შედგა. ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე წარმოადგენდა

ვიდრე ამ შედეგამდე მივიდოდით ჩვენმა ქვეყანამ თითქმის 6 წლიანი სამუშაო პროცესი განვლო. ევროკავშირში ქართული ქაფშიის გადატანაზე საუბრები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ ევროპელი ექსპერტები საქართველოში ქაფშიის სარეწაო ინდუსტრიის და ტექნოლოგიის გასაცნობად რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს საწარმოები შეისწავლეს ქართული ქაფშიის ბიოლოგიური მახასიათებლები და დაასკვნეს რომ ქაფშია ერთ-ერთია, რომელიც ევროკავშირის რისკების გაანალიზების საფუძველზე მოწინავე საექსპორტო პროდუქტია, თუმცა აუცილებელი იყო როგორც საკანონმდებლო ისე პრაქტიკული ცვლილებების განხორციელება.

ახალი ბაზრის გახსნამდე ქართული ქაფშიისათვის უმთავრესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია, სადაც უკვე წლებია მოპოვებული ნედლეულის უდიდესი ნაწილი იყიდება. თუმცა პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასაღების პერსპექტივა მეწარმეებს უფრო ფართო ასპარეზს უხსნის, გაჩნდა მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინიც.

ქაფშია ევროპაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული თევზის სახეობებს შორის მესამე ადგილს იკავებს, თინუსისა და სარდინების შემდეგ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 5,3 მილიონი  დოლარის ღირებულების თევზის ცხიმი, ქონი და მათი ფრაქციები გავიდა, თევზის  ფქვილი კი-10,7 მილიონი დოლარის.  ექსპორტი ამ ეტაპზე, ძირითადად, თურქეთში ხორციელდება, საიდანაც შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ხვდება. პირდაპირ ევროზონაში შესასვლელად საქართველოს ე.წ. მესამე ქვეყნების სიაში ყოფნა ესაჭიროებოდა. აღნიშნულ სიაში, ამ  ეტაპზე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან მხოლოდ ქართული მატყლისა და თაფლის მწარმოებელი რამოდენიმე კომპანიაა, თუმცა მომდევნო წლიდან კი მოლოდინის თანახმად, მათ რიცხვს ქაფშიის ბიზნესით დაკავებული კომპანიებიც შეუერთდება.

სინქრონები:

    • ნოდარ კერესელიძე – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
    • მიშა სოხაძე – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
    • დავით ბაბილუა – “პალიასტრომი 2004-ის” დირექტორი;
    • მურმან ხარაბაძე – კომპანია “მადაის” დირექტორი.

ავტორები:

ნინო ხელაძე, ბობი ჭურღულია