ყაჩაღობა ტრაქტორით [Video]

2017 წლის 29 ივნისი | 13:31

სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ორმა ნიღბიანმა “არალ პეტროლის” ოპერატორი, წინააღმდეგობის გაწევის დროს დაჭრა და 2 500 ლარამდე თანხა წაართვა.

ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ “არალში”, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში – სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე – საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავების შესახებ ინფორმაციასა და ვიდეო–მასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წყარო: TV9.