ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო [Video]

2017 წლის 29 მაისი | 15:34

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. მასში  მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.

ქართული დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს დაემატა წინადადება, რომ სადემარკაციო ხაზთან მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას, აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კი იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი მალე გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით.

26-29 მაისს საქართველომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა.  საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ორმხრივი, მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები გაიმართა.

სინქრონები:

  1. გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი;
  2. გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი.