“ნატო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს”-უილიამ ლაჰიუმ

2017 წლის 19 იანვარი | 14:57

4a1e86a67a18b408a318b7f1466e7b64_54075“ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს”-განცხადება ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუს ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებას და მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.

პარლამენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას განაცხადა, კომისიის მუშაობის პროცესი ინკლუზიური იქნება და ყველა გადაწყვეტილება ფართო კონსესუსის შედეგად იქნება მიღებული.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შესახებაც, რომელიც 2017 წლის მაისში, საქართველოში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასამბლეის მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ალიანსსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ნატოს სამეკავშირე ოფისი და საქართველოს პარლამენტი ღონისძიების ორგანიზების საკითხში, აქტიურად თანამშრომლობენ.