მოვითხოვთ თანასწორობას – ლგბტ აქტივისტების ერთსაათიანი აქცია [Video]

2017 წლის 17 მაისი | 13:12

ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლგბტ აქტივისტებმა საქართველოში ერთსაათიანი აქციით, კანცელარიის შენობასთან აღნიშნეს.

“უსაფრთხოების ისეთი ზომები მიიღეს, რომ ეს უფრო იყო სპეცოპერაცია, ვიდრე აქცია”,  – ასე შეაფასა ერთ-ერთმა აქტივისტმა “გარბთან” საუბრისას მათ მიერ გამართული ღონისძიება. გოჩა გაბოძის თქმით, ქვეყანში ლგბტ თემის წევრთა უფლებები დაცული არაა და  ჰომოფობიური განწყობა საქართველოში მზარდია.

აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტერიტორია მათთვის გამოყოფილი სამარშუტო ტაქსებით დატოვეს. ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები. ადგილზე იყო სასწრაფო  სამედიცინო დახმარების მანქანაც.

აქციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირებმა და მრევლმა გადმოინაცვლა. მათ ლგბტ აქტივისტების ჩატარებული ღონისძიება დაგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს 17 მაისს ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნონ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნული თარიღი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

სინქრონები:

  1. გოჩა გაბოძე – მოქალაქე;
  2. სესილი ბუთხუზი – აქციის მონაწილე;
  3. ბაია პატარაია – კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი;
  4. დავით ლორთქიფანიძე – მოქალაქე;
  5. თამთა ჩახუნაშვილი – მოქალაქე;
  6. მღვდელი დავით ნოზაძე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ბობ ჭურღულია.