“მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის” – ევროკავშირის ახალი პროგრამა დედოფლისწყაროს განვითარების [Video]

2017 წლის 1 მაისი | 17:33

„მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ – ევროკავშირის ახალი პროგრამა დედოფლისწყაროში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირების, მოსახლეობისთვის დასაქმებაში ხელშეწყობისა და მათი შემოსავლების გაზრდის მიზნით, ევროკავშირის პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ დაიწყო. პროექტი დაფუძნებულია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის LEADER-ის მიდგომაზე. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეძლებენ საკუთარი კუთხის განვითარებაში აქტიურად ჩართვას. შეხვედრაზე მცირე ფერმერებმა, მეწარმეებმა და მოქალაქეებმა რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, მათ შორის ტურისტულ ზონებამდე მისასვლელი გზების მოუწესრიგებლობასა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ. გამგეობაში განაცხადეს, რომ მათ მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ ევროკავშირი, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-ის) ფარგლებში აფინანსებს. ხოლო მისი განმახორციელებელი ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ საქართველოა“. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი სოფლის განვითარების პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში უკვე ახორციელებს. მიმდინარე წელს კი მათ დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქედა და ხულო დაემატა.

სინქრონები:

  1. დეტლეფ დიქსი -დედოფლისწყაროში პროექტის  „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ დირექტორი;
  2. ალვარო ორტეგა აპარაციო – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მემნეჯერი;
  3. ბექა გონაშვილი – მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  4. მალხაზ მერაბიშვილი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.