მეც, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ვარ

2017 წლის 9 აგვისტო | 22:02

ეს პარალელი ესტონეთში ყოფნის მთელი კვირის განმავლობაში არ მტოვებდა, ვეცდები ავხსნა.

ავტობუსები მძღოლის გარეშე

რობოტები საფოსტო სერვისებისათვის

სახლები მარსისთვის

ელექტრონული მმართველობა

შუაზე გაყოფილი მდინარე რუსეთსა და ესტონეთს შორის

ლომი პუტინის სახით

ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი ქვეყანა

დამოუკიდებლობის 100 წელი

Flagshot

ავტორი: ნინო ხელაძე

მომდევნო წელს, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ესტონეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს ზეიმობს, დღეს ეს ქვეყნის მთავარი სიმბოლოა, აეროპორტიდან დაწყებული კანფეტის შეფუთვით დამთავრებული.

პოსტსაბჭოთა ესტონეთმა დამოუკიდებლობა, საქართველოს მსგავსად, 1991 წელს დაიბრუნა, თუმცა აქ ხშირად ამბობენ, რომ რეალურად ეს პროცესი 1987 წელს Singing Revolution/სიმღერის რევოლუციით დაიწყო და ლოგიკურად 1991 წელს დასრულდა. მღეროდნენ ეროვნულ სიმღერებს, ჰიმნს, რაც ცხადია, მეტად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა ვიდრე საფესტვალოს.

აქვე, ერთი საინტერესო დეტალი, მილიონ 300 ათასიანი ქვეყანა იდენტობის შესანარჩუნებლად ბევრ სხვასთან ერთად, დროშის ფერებს ურთვადა ყველაფერს, სასმელსაც კი, რომელსაც მოგვიანებით Flagshot-ი დაარქვეს. წარმოიდგინეთ ტეკილას ჭიქა, რომელიც ესტონური დროშის თეთრი, შავი და ლურჯი ფერის სითხით ივსება.

ამბობენ, რომ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მისი მოქმედების პერიოდში ბევრ ხერხს იყენებდნენ. მაგალითად, როდესაც ესტონეთში პირველად სატელევიზიო მაუწყებლობა ჩაეშვა, 1955 წელს, სამაუწყებლო ენა ესტონურთან ერთად არა რუსული, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ ფინური იყო. მიზეზი აქაც ცხადია, პოლიტიკური დაუმორჩლებლობის გამოხატვა იყო. ესტონელები ხუმრობენ, რომ “ჩვენ გვეყო საკმარისი გონიერება,რათა საბჭოთა ფულით დაფინანსებული მაუწყებლობა ფინურ ენაზე გვეწარმოებინა”.

რადიო სტუდია #1 , ფუნქციონირებს 1950 წლიდან

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, რომლის შენობას რამდენიმე თვის წინ  ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ახალი რეგულაციის თანახმად, დახარჯული თანხის გარკვეული ნაწილი, შენობის, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებით, გაფორმებისთვის გამოიყო. ყოველ სართულზე შეხვდებით ასეთ არტს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, ესტონელი არტისტების ნამუშევრები

გვითხრეს რომ ხელოვნება უყვართ, განსაკუთრებით თეატრი, რომელიც ზამთარში ახალგაზრდებისთვის შეკრების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია. დამამახსოვრდა თეატრი სახელწოდებით NO 99, შემქმენელებს გადაწყვეტილი აქვთ 99 პრემიერის დადგმა ამ შენობაში, შემდეგ რა იქნება ჯერ არ ვიცით 🙂

უყვართ და არა მხოლოდ, იცავენ კიდეც, კულტურული მემკვიდრეობა. აფთიაქი, რომელიც ძველი ტალინის ცენტრში 1422 წლიდან დგას, დღესაც ფუნქციონირებს. თითქმის 7 საუკუნის წინ აგებულ შენობაში, დღეს თანამედროვე მედიკამენტების შეძენა შეგიძლიათ, თუმცა გვერდით ოთხაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ და რითი მკურნალობდნენ აქ მცხოვრებლები საუკუნეების წინ.

ერის განვითარების ისტორიას აკვირდები როგორც ქვეყნის ქუჩებში, ისე სამუზეუმო სივრცეში, რომელიც შეიძლება ასევე ღია ცის ქვეშ იყოს. როგორიც მაგალითად, საოცარი ბალტიის ზღვის პირას მდებარე სოფლში, Viimsi open air მუზეუმია. რამდენიმე ათეულ მეტრზე განთავსებული უძველესი მეთევზეთა და მეზღვაურთა საცხოვრებლები, სათევზაო ინვენტარით, ესტონურ ოჯახებში ოდითგან გავრცელებული აღჭურვილობებით და ავეჯით-ყველაფერი ერთად მარტივად გადმოგცემს ისტორიას, რომლის სტანდარტული გზით თხრობას ბევრად მეტი დრო და ნაკლები სიამოვნება მოაქვს.

ტარტუში ესტონეთის ნაციონალური მუზეუმის დათვალიერების შემდეგ კი, კიდევ უფრო დარწმუნდებით, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ნივთების გამოფენა არ არის მთავარი, მთვარია ამბის მაქსიმალური ეფექტურობით გადმოცემა. სივრცეს დამთვალიერებლის თვალით ხედავენ. ახალგახსნილ ულტრათანამედროვე მუზეუმში, მაგალითად, საბჭოთა პერიოდის საზღვრის იმიტაციასთან მიახლოებისას, ირთვება პროჟექტორები, საბჭოთა კონტროლის დემონსტრირების მიზნით; ფერები მღერიან, სიმღერები ისტორიას ყვებიან, მარტივი შეხებით კი „სენსორულ სუფრაზე“ ბალტიისპირა ქვეყნის ტრადიციული კერძები ჩნდება.

ასწლეულების დათვალიერების შემდეგ თუ დასვენება მოგინდათ, იქვე დაგხვდებათ საწოლი, ოღონდ ისიც ესტონურ სტილში-ციფრული ეფექტებით, მას შემდეგ რაც საწოლიდან ადგებით ის თქვენ მდებარეობას იმახსოვრებს და ოთახში მარტივად, ერთის ნაცვლად ხართ ორი.

საქართველოსაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა ესტონელებისთვის კულტურის და ტრადიციის ნაწილია, ხუმრობით ამბობენ, რომ “თუ კი მეზობლის სახლის დანახვა არ გიჭირთ ე.ი. დროა ტყე გაახშიროთ”. ცივი კლიმატის პირობებში, რა თქმა უნდა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, კარგად არის განვითარებული საუნის რიტუალი. ესტონეთის სოფლებში სახლების უმეტესობას საკუთარი საუნა და საუნის წინ აუცილებლად საშუალო ზომის გუბე უნდა ჰქონდეს, შეიძლება გამინაწყენდნენ „გუბე-ს“ გამო, მაგრამ ტბას ნამდვილად ვერ დაარქმევ:)

Mokko Farm, Estonia

საქართველოს მსგავსად, ესტონეთში წელს თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. 2017 წელი იქნება პირველი, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების არჩევაში  16 წლის ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან. როგორც გვითხრეს, მოთხოვნა საკუთრივ ახალგაზრდების და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წამოვიდა, ადგილობრივი განვითარების პროცესებში მეტი აქტიურობით ჩართვა გვწყურიაო. თუმცა დაწეული ასაკობრივი ზღვარი სხვა არჩევნებზე არ ვრცელდება.

საქართველოს მსგავსად, ესტონეთს ესაზღვრება რუსეთი. ქალაქი ნარვა მეტწილად ეთნიკური რუსებით არის დასახლებული. მიდგომა ძალიან საინტერესოა, აქ მცხოვრებთა ნაწილს რუსული მოქალაქეობა აქვს, ნაწილს ესტონური, ნაწილს კი არც ერთი. მათ სპეციალური რუხი ფერის პასპორტები აქვთ და ბინადრობის უფლებით სარგელობენ, თუმცა ასევე, აქვთ უფლება ჩაერთონ თვთმმართველობის არჩევნებში, მოქალაქეობის არქონის მიუხედავად. ქალაქ ნარვაში საინტერესო ბევრია. მაგალითად, მდინარე რომელიც შუაზეა გაყოფილი, ნაწილი ესტონეთს ეკუთვნის, ნაწილი-რუსეთს. ასევე საინტერესოა მდინარის სანაპირო, რომლის მოწყობისთვისაც საერთო პროექტის ფარგლებში, რუსეთსა და ესტონეთს ფინანსები ევროკავშირმა გამოუყო. ესტონელებმა პირსი მოაწყეს, რუსებმა არა, ესტონურ მხარეს სანაპიროზე ხალხი სეირნობს, რუსულზე-თითქმის არა.

ამ სანაპიროზე კიდევ ერთ რამ არის საინტერესო, ამავე თანხის ფარგლებში ესტონურ მხარეს პირსი გაფორმდა ლომების პატარა ქანდაკებებით, რომელთაგან ერთ-ერთს მოქანადაკემ ვლადიმერ პუტინის სახე არგუნა.

 

 

ახლა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო. როგორც ზემოთ დავწერე, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტობისთვის ემზადება. ღონისძიებების ეპიცენტრი იქნება უძველესი ელექტრო სადგური, რომელიც დიზაინერების გადაწყვეტის თანახმად, ინარჩუნებს ინდუსტრიულ იერს და კონტრასტულად ერწყმის თანამედროვე ფორმებს. ექსპერიმენტულმა ფორმებმა, შესაძლოა გრაფიკოს-დიზაინერებს ცნობილი ჩეხური თამაში Machinarium მოაგონოს.

ცნობილია უკვე მთავარი მესიჯებიც-ესტონეთი პრეზიდენტობის 6 თვის განმავლობაში, საკუთარი ელექტრონული მმართველობის მოდელის განვრცობას და ევროპაში მისი მასშტაბების გაზრდას შეეცდება, სხვა სტანდარტულ ღირებულებებთან ერთად.

ესტონეთი არის პოსტსაბჭოთა ქვეყნა, რომელშიც დღეს ელექტრონულად ყველაფერი არის შესაძლებელი ქორწინება-განქორწინების და უძრავი ქონების შეძენის გარდა.

ესტონეთი არის ქვეყანა რომელიც, ყველას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს E-residency (ელქტრონულ ბინადრობას) სთავაზობს. 2016 წლის მაისისთვის E-residency-ის განაცხადი 10 000 მოქალაქემ შეავსო, E-residency-ის ფარგლებში უკვე 1 100 კომპანია იმართება.

ეს ის პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც „მარსის სახლების“ შექმნა დაიწყეს და სადაც ავტობუსები მძღოლების გარეშე მოძრაობენ.

და თუ სულ მალე საფოსტო გზავნილი ან რაიმე ტიპის შეკვეთა რობოტმა მოგართვათ, იცოდეთ ესეც ამ ქვეყნის “ბრალია”:)

Ahti Heinla-ს სახელი, შესაძლოა ბევრი ჩვენგანისთვის Skype-თან ასოცირდებოდეს, თუმცა ახალ ესტონურ სტარტაპს Starship technologies აქვს პერსპექტივა ეს ასოციაცია შეგიცვალოთ. კომპანია მიწოდების სერვისის რევოლუციურ ცვლილებას გეგმავს. „We believe our robots will revolutionize local delivery“, და პრინციპში რწმენის საფუძველი მარტო Ahti Heinla და მისი ძლიერი გუნდი არ არის, არამედ დაფუძნებიდან მესამე წელიწადში უკვე მოძიებული 17  მილიონიანი ინვესტიციაა. კომპანია აწარმოებს რობოტებს, რომელთა თვითღირებულება საწყის ეტაპზე იყო 8 000 ევრო, შემდეგ ხარჯი 6 500 ევრომდე შემცირდა, საბოლოო ჯამში კი გეგმაა ღირებულება 2 500 ევროს გაუტოლდეს. რობოტის ტევადობაა 10 კგ, აღჭურვილია 9 სენსორული კამერით, შეუძლია დამუხრუჭება, გვერდის ავლა, დაბრკოლების გადალახვა, უმკლავდება სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობას და როგორც გვითხრეს უწყვეტ რეჟიმში იხვეწება. ჰო, რაც მნიშვნელოვანია, რობოტები არ იყიდება, იყიდება მხოლოდ სერვისი.

Ahti Heinla-ს ვუთხარი, რომ მიჭირს დაჯერება Starship Technologies მხოლოდ სერვისის მიწოდებით დაკმაყოფილდეს-თქო, ცხადია მომავლის გეგმებზე არაფერი მითხრა, გამიღიმა და გამახსენა, რომ 25 ჟურნალისტი ვიყავით მის წინ შეკრებილი.

ვინც მიცნობს, იცის რომ რელურად გაცილებით უფრო ლამაზი ვარ, მაგრამ ამ ფოტოზე გმირი სხვაა 🙂

მოკლედ, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ბევრი აქვს სათქმელი ჩვენთვის, მთავრობის სახლის წინ ერთ „ჯიპსაც“ ვერ შეამჩნევთ, მინისტრების და ქალაქის მერების უმეტესობა ველოსიპედით დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტალინში ადგილობრივებისათვის სრულად უფასოა, საშუალო შემოსავალი 1170 ევროა, მოსახლეობა 1 მილიონ 316 ათასს შეადგენს, მხოლოდ თბილისში ცხოვრობს უფრო მეტი ადამიანი.

მიგრციის მაჩვენებელი ევროპის მიმართულებით მაღალია, თუმცა ბოლო წლებში ესტონელების სამშობლოში დაბრუნების ტენდეცია შეინიშნება. მაღალია განქორწინების მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 50 % უტოლდება. დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს გაზეთის კითხვის კულტურა.

ესტონეთი იყო პირველი ქვეყნა, რომელმაც 2005 წელსi-voting/ ინტერნეტით ხმის მიცემის სისტემა დანერგა.

მავიწყდებოდა, მათი გიგანტური თოლიები, დილით მზის ამოსვლისას ცარიელ ქუჩებში თამამად რომ დასეირნობენ და ტალინის წითელ სახურავებსაც თეთრ დიდ ლაქებად აფრინდებიან.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ესტონელების შესახებ, რომელსაც თავადვე გიზიარებენ ღიმილით-თუ კი რაიმე არ მოგწონს, ორი ვარიანტი არსებობს, დააფიქსირო რომ არ მოგწონს და შეცვალო, ან მოიქცე ესტონურად და გაატარო.

ერთადერთი რაც ესტონურ სტილში ვქენი, ამინდთან შეგუებაა, მეგონა რომ ზაფხულში მივდიოდი და გვიან შემოდგომაში აღმოვჩნდი, მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის ამინდიც კი შემშურდა.

კარგი იყო <3