კონტროლის პალატის დაკითხვის პირობები | GarbOnline.TV

კონტროლის პალატის დაკითხვის პირობები

2012 წლის 17 მარტი | 12:52

თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე –განმარტებებისთვის, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ბათუმში, მიმდინარე კვირას ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, მათ შორის რიგითი ადამიანები გამგეობების შენობებში დაკითხვაზე დაიბარეს. უწყება მოქალაქეებს კონტროლის პალატისგან მიუვიდათ. პოლიტიკური აქტივობების და პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს მათ გამგეობების შენობებში მედიისთვის დახურულ რეჟიმში უსვამდნენ.

ავღნიშნავ ჩვენს ბათუმელ კორესპონდენტს კონტროლის პალატის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა კომენტრაზე უარი უთხრეს.
და მრავალკუთხედმა კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ მასალები მიიღო გორიდან და კასპიდან სადაც მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ.

სახალხო დამცველის აპარატმა, პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, საქმის მოკვლევა დაიწყო. როგორც გიორგი ტუღუში ამბობს ომბუდსმენისთის ჯერ არავის მიუმართავს, თუმცა აპარატი საქმის დეტალებში გასარკვევად დაკითხულებს უკვე დაუკავშირდა.

კონტროლის პალატაში კომენტარს არ აკეთებენ, პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ის ახსნა-განმარტებები, რაც ამჟამად რეგიონებში მიმდინარეობს “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საეჭვო დეტალებს უკავშირდება. კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ
პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგენილ იქნა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები -სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ., არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები. აღნიშნულია კონტროლის პალატის განმარტებაში.

კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი აქტივობების გარშემო წარმოქმნილ აჟიოტაჟს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფეისბუქზე გამოეხმაურა. „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობზე კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ.“- ასეთია ჯონ ბასის შეფასება.

კონტროლის პალატა განხორციელებული აქტივობების შესახებ განმარტებებს მიაწვდის შეერთებული შტატების ელჩს, ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, დეპუტატი განმარტავს რომ კონტროლის პალატის ფუნქცია პოლიტიკაში მოხვედრილი ფინანსების გამჭვირვალობის გამოვლენაა, და თუ დაკითხვის პროცესში რაიმე სახის უზუსტობას ჰქონდა ადგილი, გამოძიებას და შესწავლას საჭიროებს.