ხულოში მეორე ტურის არჩევნები ხელჩართული ბრძოლით დასრულდა {video}

2014 წლის 14 ივლისი | 12:03

ხულოში არჩევნების მეორე ტური ექსცესებით დაიწყო და ხელჩართული ბრძოლით დასრულდა. მუნიციპალიტეტში გვიან ღამით, მაშინ როდესაც ოლქში წინასწარი შედეგები ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფოიორვერკებით და ხმამაღალი შეძახებებით გამგეობის შენობის წინ გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს, რამაც ოპონენტების „პატრიოტთა ალიანსის“ გაღიზიანება გამოიწვია.

მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ოპონენტების სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

დაპირისპირებული მხარეები ჩვენს გადამღებ ჯგუფს ვიდეო კადრების გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორს კი ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

აღნიშნული კადრების არსებობის მიუხედავად, პარტიებს შორის მომხდარი დაპირისპირების არსებობას უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჯამბულ ხოზრევანიძე.

„პატრიოტთა ალიანსში“ კი პროვოკაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების ქმედება ოპონენტის გაღიზიანებას ისახავდა მიზნად.

დაპირისპირების დროს ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები და ინციდენტში მონაწილე მხარეების გამოკითხვა.

ავტორები:

სოფო შავაძე, მამუკა ქარცივაძე.

წყარო: TV25.ge.