ხმაური დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესში {VIDEO}

2017 წლის 23 მარტი | 15:18

დილიდან ხმაურია ზუგდიდში, სადაც დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს. აქ ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც, მათივე თქმით, სიაში ვერ მოხვდნენ და ბინებს ვერ მიიღებენ.

დევნილთა სამინისტრო დღეს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართებს 144  დევნილ ოჯახს გადასცემს. 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

კენჭისყრის პროცედურას მინისტრის მოადგილეები და  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ავარიული შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სამინისტროს ინფორმაციით,2017 წლის ბოლომდე ბინას  288 დევნილი ოჯახი მიიღებს.