გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს -კახი კალაძე ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან  დაკაშირებულ პროტესტს კიდევ ერთხელ ეხმაურება

2017 წლის 15 მაისი | 17:50

ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ დესტრუქციული ძალების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, – ენერგეტიკის მინისტრი ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

კახი კალაძის განცხადებით, ეს პროექტი ენერგეტიკის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია.

„ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. ეს არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით,  დესტრუქციულ ძალებში სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილს გულისხმობს, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუმცა კონკრეტული არასამტავრობო ორგანიზაციების დასახელებისგან თავი შეიკავა.

პრესკონფერენციაზერ მან ასევე ისაუბრა, იმ ქალბატონზე, რომელიც  სოფელ მუგუდაში შვილის საფლავის გამო ტიროდა და ეს ფაქტი დესტრუქციული ძალების მხრიდან სხვისი პირადი ტყაგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებად შეაფასა.

რამდენიმე დღის წინ, კი კალაძემ ასეთ ორგანიზაციად „მწვანე ალტერნატივა“ დაასახელა. მისი თქმით, ფასანაურში ხალხს “მწვანე ალტერნატივა” აბუნტებს.  შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ფასანაურში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა, რომელიც შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ენერგეტიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციაში „მწვანე ალტერნატივა“. ნინო გუჯარაიძე მინისტრის განცხადებას არაადეკვატურად აფასებს.

მოგვიანებით, „მოამბემ“ გაავრცელა ნინო წიკლაურის კომენტარი.

„ჩემი შვილის საფლავი არ არის მუგუდაში, მაგრამ უცბად გავიგე, საფლავები ითხრებოდა, წარმოვიდგინე, ჩემი შვილის საფლავი რომ ყოფილიყო ისეთ ადგილას, სადაც გათხრები მიმდინარეობდა, ცეცხლივით მომეკიდა და თავი ვეღარ  შევიკავე“, – განაცხადა ნინო წიკლაურმა.

სინქრონები:

    1. კახი კალძე – ენერგეტიკის მინისტრი;
    2. ნინო გუჯარაიძე – “მწვანე ალტერნატივის” დირექტორი.