გუშაგი წესების სრული დაცვით მოიქცა – ლევან იზორია კრწანისის ინციდენტზე {VIDEO}

2016 წლის 24 ოქტომბერი | 17:10

გუშაგი წესების სრული დაცვით მოიქცა,- ასე გამოეხმაურა ლევან იზორია, კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი ინციდენტს.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილთან რამდენიმე მეტრში აღმოჩენილ იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი.ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მოკლულის თანხმლები ორი პირის დადგენის სამუშაოები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განაწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთია, იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა.

გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.