გარემოს დაცვის მინისტრი სამეგრელოში მონადირეებს შეხვდა {VIDEO}

2017 წლის 1 თებერვალი | 18:51

ზუგდიდში მონადირეებმა აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ. გიგლა აგულაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე და მის მიმდებარედ 500 მ-იან მონაკვეთში ნადირობის უფლებას ითხოვდნენ.

მონადირეების პროტესტი იანვარში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა გამოიწვია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეიდის დროს პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, უკანონო ნადირობის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, სადაც 194 სახეობის ფრინველი გვხვდება.

საქართველო უნიკალური მდებარეობის გამო რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა. კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა მიზნად გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვას ისახავს. სწორედ ამიტომაა ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონის მიღმა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში ნადირობა დაშვებულია.სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის თქმით, მონადირეები შეძლებენ, 2 წელიწადში ქონდეთ საკუთარი სანადირო მეურნეობა და ინადირონ თავისუფლად გამოყოფილ ადგილზე. მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის ხელმძღვანელის გურამ თირქიას თქმით, შეთანხმება მიღწეულია და აქციები შეწყდება.

სინქრონები:

გიგლა აგულაშვილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
ლევან შონია – სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი.

წყარო: ოდიში.