ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ქვეყანაში საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნება

2014 წლის 23 ივლისი | 13:30

ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მთავარი საზრუნავი ქვეყნის მოსახლეობისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა გახდა, რომლითაც ქართული საზოგადოება ევროპულს უნდა დაუახლოვდეს. ვინ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა და რა არის ამისათვის აუცილებელი, საკუთარი შესაძლებლობები და უცხოური გამოცდილება ქართველმა და უცხოელმა პარლამენტარებმა ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე გააცნეს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება ქვეყნის პარლამენტს ეკისრება.

კანონმდებლების განცხადებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ასამაღლებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ თუ სოციალური მედიის აქტიურობა.

როგორ მიაწოდეს საზოგადოებას მათთვის საინტერესო ინფორმაცია და როგორ განუმარტეს ევროკავშირთან ინტეგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები – საკუთარი გამოცდილება ქართველ კანონმდებლებს ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებმა გააცნეს. ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში ინფორმაციის გასავრცელებლად გამართლებული აღმოჩნდა საინფორმაციო ცენტრების მუშაობა. უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციით, საკოორდინაციო ცენტრები ქვეყნის მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ უნდა შექმნას.

კონფერენციის ფარგლებში დღესვე ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 8 პუნქტისაგან შემდგარი დოკუმენტით მხარეები გამოხატავენ მზაობას, ერთობლივად იმუშაონ ახალი პლატფორმების შექმანზე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის, სავაჭრო ურთიერთობების გასამარტივებლად და ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობისთვის.

ავტორები:

თამარ კიკნაძე, ნოდარ მჟავანაძე, მირიან ურუშაძე.

წყარო: TV25.ge.