ეკომიგრანტი ქალები სამთაწყაროდან {VIDEO}

2016 წლის 14 ნოემბერი | 12:46

ნათიამ საწარმო გრანტის დახმარებით გააფართოვა და სამი ადგილობრივიც დაასაქმა. სახლის ერთი ოთახი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით გაარემონტა, დარჩენილი თანხით კი სამი საკერავი მანქანა შეიძინა. ეკომიგრანტი ქალები თეთრეულებს ამზადებენ, რომელიც დედაქალაქში უნდა გაყიდონ.

ნათია მიქელაძემ ჭრა-კერვის კურსები გაიარა, მანამდე კი შეკვეთებზე სახლში მუშაობდა. ახლა საკუთარ გამოცდილებას თანასოფლელებს უზიარებს. სურს, რომ ხელი შეუწყოს აჭარიდან სამთაწყაროში ჩასახლებული ეკომიგრანტი ქალების გააქტიუროებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროექტის გამარჯვებულია ნინო მიქელაძეც, რომელმაც მეუღლესთან ერთად, სილამაზის სალონი გახსნა. ცოლ-ქმარი ახლა თანასოფლელების ესთეტიურობაზე ერთდროულად ზრუნავენ. ნინომ გრანტის ფარგლებში საჭირო ინვენტარი შეიძინა. რადგანაც სამთაწყარო ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, ეკომიგრანტები ფიქრობენ, რომ სოფელში მათი პროექტები ფინანსურად მომგებიანი იქნება.

ეკომიგრანტებისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, “სიდა” პროექტებს სხვა მიმართულებითაც აფინანსებს. გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ სამთაწყაროში ეკომიგრანტებს ბიზნესიდეები დაუფინანსა, სასმელი წყლის პრობლემაც გადაჭრა. აქ 11 უბნის 140-მდე ოჯახი უკვე უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. სოფელში დამონტაჟდა წყლის რეზერვუარი და მილები ყველა სახლამდე გაიყვანეს. პროექტი “სიდამ” 12 300 ლარით დააფინანსა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სამთაწყაროში აჭარიდან ჩასახლებული 13 ეკომიგრანტი ქალის ბიზნესიდეა დააფინანსა. პროექტი ქალების გააქტიურებას და მათ ფინასურ დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.

სამთაწყარო აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ამ პატარა სოფელში დღეისათვის 425 კომლი ცხოვრობს, მათ შორისაა ჰერეთიდან ჩასახლებული ინგილოების ოჯახებიც.

ავტორები:

სულხან მესხიძე, მალხაზ ხუნდაძე, მირიან ურუშაძე.

წყარო: TV25.ge.