დავით რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივნად დაინიშნა {VIDEO}

2016 წლის 24 ოქტომბერი | 16:55

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად გიორგი მარგველაშვილმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა. დავით რაქვიაშვილი პროფესიით გეოლოგია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მას არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. რაქვიაშვილი მონაწილეობდა ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტების რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს. 2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა. ის ასევე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მისი წინამორბედი ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

სინქრონები:

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი;
დავით რაქვიაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.