არჩევნები სომხეთში და ქართველი დამკვირვებლის შეფასება {VIDEO}

2017 წლის 5 აპრილი | 11:58

2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ სომხეთში სრულად პროპორციული წესით არჩევნები პირველად ჩატარდა. მეზობელი ქვეყნის არჩევნებს საქართველოდან “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე აკვირდებოდა. მისი შეფასებით, კენჭისყრის პროცესში სხვადასხვა ტიპის დარღვევეა გამოვლინდა. ხშირ შემთხვევაში არჩევნებს ესწრებოდა არაუფლებამოსილი პირი, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლები უბანზე სპეციალური ტრანსპორტით ორგანიზებულად მიჰყავდათ, ირღვეოდა აგიტაციის წესები და საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი ადაპტირებული არ იყო შშმ პირებისათვის. თუმცა საკუთრივ კენჭისყრის პროცედურები საარჩევნო უბნებზე ორგანიზებული იყო და საარჩევნო სისტემისა თუ ტექნიკურ ცვლილებებს სომხეთმა კარგად გაართვა თავი.

რაც შეეხება არჩვენების შედეგებს, ხმათა უმრავლესობა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა, შესაბამისად ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეიცვლება, თუმცა აქვე განმარტავს, რომ სხვა ძალების გამარჯვების შემთხვევაშიც მოცემულობა იგივე იქნებოდა, რადგანაც სომხეთში პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობას,  პროდასავლური პოზიცია არ გააჩნია და სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი განიხილება.

სომხეთში ოფიციალური ინფორმაციით, 2 600 000 ამომრჩეველია, რომელთაგანაც  კენჭისყრაში მონაწილეობა წინასწარი მონაცემებით, 61 %-მა მიიღო. არჩევნებში 49,12%-ით (771 247 ხმა) რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.