ახალციხეში დარჩენილი ებრაელები, ბერძნები და პოლონელები {VIDEO}

2017 წლის 17 მარტი | 19:15

ახალციხეს ტოლერანტობის სიმბოლო, თავის დროზე მხოლოდ იმის გამო უწოდეს, რომ აქ მაცხოვრებელთა მნიშვნელოვან ნაწილს ეროვნული და რელიგიური უმცირესობა წარმოადგენდა. ქართველებისა და კომპაქტურად ჩასახლებული სომხების გარდა, სამხრეთ საქართველოში უკრაინელები, პოლონელები, ბერძნები და ებრაელები მრავლად ცხოვრობდნენ. მათი რიცხვი სამცხე–ჯავახეთში თანდათან მცირდება.
ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ, სამცხე–ჯავახეთიდან შემოვიდნენ. თუმცა პირველ ცნობებს, ახალციხეში მათი ცხოვრების შესახებ, 400 წლის წინანდელი ებრაელთა სასაფლაო იძლევა. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე გვიყვება, რომ 1970–იან წლებამდე ახალციხეში 3 000 ოჯახი ცხოვრობდა. როგორც კი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცათ, ებრაელებმა ახალციხიდან გასვლა დაიწყეს. ქალაქში ახლა მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს.
სიმონ ლევიშვილი ლოცვებს დღეში სამჯერ, მშობლიურ ენაზე – ივრითზე კითხულობს. იუდაიზმში, სრულყოფილი ლოცვის ჩასატარებლად, ათი მამაკაცია საჭირო. 2004 წლიდან კი, საქართველოში ყველაზე ძველ, ახალციხის სინაგოგაში, 10 კაცი ვეღარ იკრიბება. ქალაქში, ებრაულ სასაფლაოსა და სინაგოგას, სიმონ ლევიშვილი უვლის. სწორედ ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისტორიულ სამშობლოს არ უბრუნდება.
პოლონელები სამცხე–ჯავახეთში 1830–იანი წლებიდან ჩნდებიან. კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მასიური ჩამოსახლება არ ყოფილა, მათი დიდი ნაწილი საქართველოში მეფის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობისთვის, ხოლო მეორე ნაწილი საბჭოთა ჯარში მსახურების გამო აღმოჩნდა. ისტორიულ სამშობლოში მხოლოდ ერთი ოჯახი დაბრუნდა. ამჟამად ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში, პოლონელთა 40–მდე ოჯახია დარჩენილი. გურამ კაპერსკი ამბობს, რომ პოლონური ენა და კულტურა დავიწყებას დიდი ხნის წინ მიეცა. კავშირის თავმჯდომარე წუხს, რომ უსახსრობის გამო პოლონელთა საზოგადოებაც ვეღარ ფუნქციონირებს.
ბერძნები სამცხე–ჯავახეთში 1860 წლიდან, ეტაპობრივად ჩამოასახლეს. პონტოს სამეფოდან წამოსულები, ახალციხეში ე.წ. რაბათის დასახლებასა და სოფელ მიქელწმინდაში დამკვიდრდნენ. ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში, ამ დროისთვის შერეული ბერძნულ–ქართული და ბერძნულ–სომხური 150 ოჯახი ცხოვრობს. ბოლო პერიოდში მათი რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა პოლონელების მსგავსად საქართველოდან წასვლას არც ახალციხელი ბერძნები აპირებენ. ისინი რამდენიმე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ და ცდილობენ, რომ მომავალ თაობას მშობლიური ენა და კულტურა შეასწავლონ.
პოლონელების, ებრაელებისა და ბერძნების გარდა, ახალციხეში უკრაინელებიც მრავლად ცხოვრობდნენ. თუმცა დანარჩენი უმცირესობების მსგავსად, მათი რიცხვი რეგიონში შემცირდა. ახალციხე დატოვეს დუხაბორებისა და გერმანელების ოჯახებმაც.

წყარო: TV9.