ახალციხე საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის გარეშე [Video]

2017 წლის 27 აპრილი | 11:30

ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო, ორი კვირაა დაკეტილია. სველ წერტილს წყალი არ მიეწოდება. ამის გამო, ლაურა იაროშევსკი იძულებულია, საპირფარეშოს დასასუფთავებლად წყალი ბოთლებით მოზიდოს. მან მოქალაქეებისთვის მაისამდე სპეციალური განრიგი დააწესა და მსურველებს საპირფარეშოში, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს.

ქალაქში, ცენტრალური პარკის გარდა, მუნიციპალური საპირფარეშო კიდევ ორ ადგილზე ფუნქციონირებს – ახალციხის ციხესა და ტბაზე, თუმცა ეს უკანასკნელი მოსაწესრიგებელია. სველი წერტილების გარდა, მოსახლეობას დისკომფორტს დამშრალი წყაროებიც უქმნის. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სასმელი წყალი არსად მოდის.

სველი წერტილები ახალციხის ყველაზე სუსტი მხარეა – ამბობს ქალაქის მერი. ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება საპირფარეშოს მშენებლობას გეგმავს. თუმცა კიდევ ერთი ობიექტი, აღნიშნულ პრობლემას ვერ გადაჭრის. ქალაქის პირველი პირის ინიციატივით, საპირფარეშოები ფასიანი გახდება.

ქალაქში სასმელი წყლისა და საპირფარეშოს საკითხი, საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ დაისვა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, აღნიშნული თემა მუდმივად ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება.

სასმელი წყლის უქონლობა და საპირფარეშოების არარსებობა, ტურისტულ ქალაქში ყველაზე მეტ პრობლემას, ვიზიტორებს უქმნის. სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ აღნიშნული პრობლემა, ბიოტუალეტების დადგმით გადაჭრან. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება, რადგან მსგავსი ტიპის საპირფარეშოს მოწყობა, მცირებიუჯეტიანი ქალაქისთვის ძვირადღირებული პროექტია.

წყარო: TV9.