8 ოქტომბრის არჩევნებზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს – შეფასებები {VIDEO}

2016 წლის 7 ოქტომბერი | 17:23

ცხინვალის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა მოქალაქეებმა შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ. ამის მიზეზი კი მედიაში გავრცელებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაა, რომლის თანახმადაც, 7 ოქტომბრის საღამოს 08:00 საათზე, ე.წ. საზღვარს დახურავენ, რომელიც მხოლოდ 9 ოქტომბერს, საღამოს გაიხსნება.

განცხადების თანახმად, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ რომ არჩევნების დღეს საქართველოში რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საზღვრის დროებით ჩაკეტვის მიზეზი გახდება.

საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან თბილისში.  „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნულს არალეგიტიმურად აფასებს. მიხეილ ბენიძის  თქმით,  ყველას ვინც საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს პასპორტი აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოს

ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებენ ცეესკო-ში, თუმცა პრესსპიკერის, ანი მიქელაძის განრტებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას, მათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ შეეზღუდებათ.

საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიით გავრცელდა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კომენტარიც.

“აბსოლუტურად არალეგიტიმურია რაც ხდება, ისევე როგორც ყველაფერი, რაც უკავშირდება განგრძობით ოკუპაციას არის არალეგიტიმური. რა თქმა უნდა ამას კიდევ ერთხელ ცალსახად მიეცემა ადეკვატური შეფასება,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სინქრონები:

მიხეილ ბენიძე – „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი;
ანი მიქელაძე – ცეესკოს პრეს-სპიეკრი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.