“რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “მაესტროს” ჩვენება შესაძლოა ფასიანი გახდეს [Video]

2017 წლის 16 მაისი | 19:43

“ეს ჩვენი კომერციული გადაწყვეტილებაა, დიდი ხანია ამისთვის ვიბრძვით და ძირითადმა  ქართულმა არხებმა მოვახერხეთ გაერთიანება  იმ იდეის ირგვლივ, რომელიც კომერციულად სწორია. იმ ვითარებაში, როდესაც  როდესაც სარეკლამო ბაზარი და ეკონომიკა მცირდება და ტელევიზიას სჭირდება  დამატებითი შემოსავალი – ეს ძალიან მნიშნელოვანი იქნება ყველა ტელევიზიისთვის და მათ შორის, ჩვენთვისაც,“-ასეთ განცხადებას აკეთებს ,,რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი – ნიკა გვარამია, ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან“  ,,სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

,,რუსთავი 2-ის“, ,,იმედისა“ და ,,მაესტროს“ შეთანხმებამ შესაძლოა გააძვიროს აბონენტებისთვის პაკეტის ღირებულება,“-ამბობს ჩვენთან საუბარში კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენელი, თუმცა როდიდან ან რამდენით, დაკონკრეტება უჭირს.

რაც შეეხება სხვა საკაბელო ტელევიზიებს, ისინი ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით სააბონენტო ტარიფების ცვლილების შესახებ მსჯელობა არ მიმდინარეობს.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ უმჯობესია  მაუწყებლები და ოპერატორები დასხდნენ და შეთანხმდნენ, ისე, რომ მაყურებლებით მანიპულირება არ მოხდეს.

კომპანია სილქნეტმა აბონენტებს 15 მაისს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერია, რომ  ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“ და ,,იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება.“

ტელეკომპანიებმა რეტრანსლირების უფლება შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას” გადასცეს, რომლის 25%-იანი წილის მფლობელი ,,მაესტროს“ ხელმძღვანელი – ზურაბ ნაყეურია. ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ტელეკომპანიაში განაცხადეს, ზურაბ ნაყეური ოფიციალურ განაცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სინქრონები:

  1. ნიკა გვარამია – ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი;
  2. ნათია კუპრაშვილი – “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი.